ძებნა

Monday, December 9, 2013

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკის ხელმძღვანელობა სახელფასო დავალიანებას უარყოფს

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორი ბეჟან მაისურაძე კლინიკაში სახელფასო დავალიანების არსებობის ფაქტს უარყოფს.

როგორც მან Georgian Times-თან საუბრისას აღნიშნა, კლინიკის დაფინანსების 90% ფაქტიურად, სადაზღვევო კომპანიებისა და სახელმწიფოსგან მოდის, რადგან თანხას მოქალაქე არც ერთ შემთხვევაში არ იხდის.

მისი თქმით, მთლიანობაში, კლინიკა თვეში დაახლოებით, 800 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს ასრულებს.

„სახელმწიფო დადგენილებით თანხის ანაზღაურება ხდება შემდეგნაირად: როცა თვე სრულდება, 5 რიცხვამდე ვაბარებთ სამუშაოებს კერძო სადაზღვევო კომპანიებს, ხოლო სახელმწიფოს 15 რიცხვამდე. 15 რიცხვის შემდეგ, კანონის თანახმად, 40 დღიანი ვადაა იმისთის, რომ შესრულებული სამუშაოების შესაბამისი თანხა გადმოირიცხოს. შესრულებულ სამუშაოებს დამუშავება სჭირდება, რომლის დროს რაღაც სადაო ხდება, რაღაც კორექტირდება და ა.შ. ამისთვის კი, მინიმუმ 40 დღიანი ვადაა საჭირო", - განაცხადა მაისურაძემ.

მისივე თქმით, აგვისტოს ხელფასის ასაღებად, 15 სექტემბერს შესრულებული სამუშაოები ჩაბარდა, რომლის შემდეგაც, მონაცემთა დამუშავებისთვის 1.5 თვიანი ვადა დაიწყო. შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კლინიკა თანხას ნოემბერში მიიღებს.

აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, ზოგჯერ ხდება ხარვეზებიც, რადგან კლინიკები გაუთვალისწინებელ შეცდომებს უშვებენ. მსგავსი რამ აგვისტოში მოხდა და იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა ძალიან მასშტაბურია, ხარვეზის გამოსწორებას დიდი დრო დასჭირდა.

„არსებობს ICD და არის ჩარევის კოდები. ICD კოდი არის დაახლოებით, 2500-მდე, რომელიც ჩარევის კოდის ჩათვლით, 25 000 უნდა გამოსულიყო. ამ დროს კი, სამინისტროს გადაეცა 350 000 ჩარევის კოდი. ეს ყველაფერი კი, პროგრამამ ვერ აიტანა და ყველაფერი დაიშალა. ყველაფრის დამუშავება თავიდან დაიწყეს, რამაც გარკვეული პერიოდი, თანხის გადმორიცხვის პროცესი შეაფერხა", - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

მისივე განმარტებით, ამ შეცდომის გამო, კლინიკას ყველაზე მეტი ჩავარდნა სწორედ აგვისტოში ჰქონდა. შესაბამისად, აგვისტოში შესრულებული სამუშაოების თანხა ჯერ დარიცხული არ არის. აღნიშნული თვის სამუშაოები დამუშავების პროცესშია.

აღსანიშნავია ისიც, რომ კლინიკას მიღებული აქვს ივლისის შესრულებული სამუშაოების თანხა, რომელიც 30 ოქტომბერს დაირიცხა. თანხის ოდენობამ გადაუდებელი სტაციონარის მინიმალური პაკეტის შემთხვევაში - 16579.45, ხოლო საბაზისო პაკეტის შემთხვევაში - 87690.24 ლარი შეადგინა.

მაისურაძის განმარტებით, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, აგვისტოს სამუშაოების ღირებულება დაახლოებით, 300 000 ლარია. დამუშავების პროცესშია ასევე, სექტემბერ-ოქტომბრის მონაცემებიც. შესაბამისად, კლინიკის მედპერსონალს აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბრის ხელფასი ჯერ არ აუღია, რადგან მონაცემები ჯერ კიდევ მუშავდება, რასაც კანონის თანახმად, გარკვეული დრო სჭირდება.

„სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბრის შესრულებული სამუშაოები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია. ივნისის თანხა 5 აგვისტოს მივიღეთ, მას შემდეგ კი, პირველი გადმორიცხვა 30 ოქტომბერს განხორციელდა. ეს ორთვიანი წყვეტა კი, როგორც უკვე ავღნიშნე, კოდებთან დაკავშირებით კლინიკების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა გამოიწვია", - განმარტა მაისურაძემ.

ბეჟან მაისურაძე მუშაობის პროცესში კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ გამოვლენილ ხარვეზებსა და მათ მიერ კლინიკის წინაშე არსებულ დავალიანებაზეც აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები თანხას შეფერხებით რიცხავენ.
მისი თქმით, სადაზღვევო კომპანია „აისი ჯგუფს" კლინიკის მიმართ 189 322 ლარი აქვს დავალიანება, „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" - 489 857, „ჯეო ჰოსპიტალს" - 154 678, „ირაოს" - 4 000, „ჯი პი აი ჰოლდინგს" - 30 000 ლარი, „ალდაგს" - 150 000, „მედიქალ პარკ ჯორჯიას" - 28 000, „ტაოს" - 13 000, „არდი ჯგუფს" - 12 000, „არქიმედეს კლინიკას" - 4 892, „ჩემი ოჯახის კლინიკას" კი მაისი-ოქტომბრის - 91 000 ლარი აქვს გადასარიცხი.

რაც შეეხება კომპანია „ალფას", რომელიც სახელმწიფომ გადაიბარა და რომელიც სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს აზღვევს, მის ფარგლებში, კლინიკამ 170 000 ლარის ხარჯი გაწია, რომელშიც ქირურგია არ შედის.

როგორც კლინიკის წარმომადგენლები განმარტავენ, აღნიშნულ მონაცემებს, ისინი 18 ნოემბერს მიიტანენ კომპანიაში და ათვლა სწორედ იქიდან დაიწყება. მათივე თქმით, ეს არის კლინიკის ხარჯი დღეს და არა სახელმწიფოს ვალი. ვალი მონაცემების ჩაბარების დღიდან, ანუ 18 ნოემბრიდან გახდება. მიტანის შემდეგ კი, დაიწყება 40 დღის ათვლა, თანხის გადმორიცხვა კი, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება.

„ეს თანხები დაახლოებით, 2 მლნ-მდე ადის და მე მაქვს ორი თვის სახელფასო დავალიანება, რომელიც 700 000-ს შეადგენს. მე სახელმწიფოსთან მირჩევნია მუშაობა. ისინი პატიოსნად ასრულებენ თავიანთ სიტყვას, მაგრამ ეს ორთვიანი ზღვარი სულ არის. სხვანაირად დადგენილებით არ გამოდის", - განაცხადეს კლინიკის წარმომადგენლებმა.

მათივე თქმით, მედპერსონალს სრული უფლება აქვს, რომ აღნიშნული გამომუშავებული თანხიდან ხელფასი მოითხოვოს, რადგან მან შესაბამისი სამუშაოები უკვე შეასრულა, თუმცა კლინიკა აღნიშნულ თანხას ჯერჯერობით ვერ გადაუხდის, რადგან ეს თანხა ჯერ არ მიუღია.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის მედპერსონალს რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანება აქვს.

Georgian Times-მა აღნიშნული ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან გადაამოწმა, რომელმაც განაცხადა, რომ სამუშაო მაგიდაზე უდევს დოკუმენტაცია, თითოეულ კლინიკას თუ რა თანხა აქვს გადარიცხული და რომელ გრაფიკში.

მისი განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია დავალიანებების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

No comments:

Post a Comment