ძებნა

Monday, February 24, 2014

თემურლენგი

თემურლენგი, ტამერლანი (დ. 1336, ხოჯა-ილგარი ― გ. 18 თებერვალი,1405, ოთრარი) — შუააზიელი მხედართმთავარი, ემირი (1370-1405), გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის თარაღაის შვილი. ახალგაზრდა თემურლენგმა სახელი გაითქვა ფეოდალურ შინაომებში, ვილაიეთის მმართველი გახდა (1362) და ცოლად შეირთო ბალხისა და სამარყანდის მფლობელის ჰუსეინის და. 1362 წელს ფეხში დაიჭრა და ამის გამო "თემურლენგი" (ტაჯიკურად "კოჭლი თემური") შეარქვეს. ორგანიზატორული და სამხედრი ნიჭის წყალობით თემურლენგი ჰუსეინთან ერთად სათავეში ჩაუდგა ფეოდალთა ლაშქარს და შეება მოგოლისტანის ჯარს, მაგრამ დამარცხდა. მალე თემურლენგსა და ჰუსეინს შორის დაიწყო ბრძოლა ხელისუფლებისათვის. 1370 წელს თემურლენგმა ემირის წოდება მიიღო და ჩინგიზ-ყაენის შთამომავალთა სახელით ერთპიროვნულად განაგებდა მავერანაჰრს. 1388 წელს აიღო ხვარაზმი და დაანგრია მისი დედაქალაქი ურგენჩი. თემურლენგის სახელმწიფო წარმოადგენდა ფეოდალურ სამფლობელოთა კონგლომერატს. მისი ჯარი, ჩინგიზ-ყაენის ტრადიციების მიხედვით, ათეულების სისტემაზე იყო აგებული. თემურლენგი დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნიერულ და კულტურულ განვითარებას, დაპყრობილი ქვეყნებიდან მოჰყავდა ოსტატები და აგებდა სასახლეებს, მეჩეთებს, მავზოლეუმებს. მისი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო სამარყანდი.

თემურლენგის პოლიტიკა მიმართული იყო, ერთი მხრივ, შუა აზიის გაერთიანებისაკენ, მეორე მხრივ კი, დაპყრობითი ომებისაკენ. 1398 წელს იგი შეიჭრა ინდოეთში და დაიპყრო დელი. 1400 წელს დაიწყო ომი ოსმალეთთან. 1402 წელს ანკარასთან ბრძოლაში დაამარცხა სულთანი ბაიაზიდ I. 1404 წელს ილაშქრა ჩინეთში, მაგრამ ეს ლაშქრობა შეწყდა თემურლენგის გარდაცვალების გამო. ამ დროს მის სახელმწიფოში მავერანაჰრის, ხვარაზმისა და ხორასნის გარდა შედიოდა ირანი, პენჯაბი და ამიერკავკასია.

თემურლენგის ლაშქრობები გამოირჩეოდა სისასტიკით. 1386-1403 წწ. თემურლენგი რვაჯერ შემოესია საქართველოს და უდიდესი ზიანი მიაყენა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის შემდგომ განვითარებას.

1394 წელს თემურლენგი არაგვში შევიდა, სიმაგრეები მოაოხრა და გადაწვა ყველაფერი,თუმცა მან ვერ მოახერხა ტყვეების წაყვანა, ამიტომ ხელცარიელი გაბრუნდა უკან. მაგრამ 1399 წლის შემოდგომაზე ისევ დაბრუნდა და ზაფხულამდე საქართველოში დარჩა.

No comments:

Post a Comment